სესხების გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის იყო მომგებიანი, ეს ნაბიჯი გადადგა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სესხების გალარების პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დოლარიზაციის დონე არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სერიოზული რისკი, ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერაა არჩეული, ძალზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიმართულებაა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის, რამაც უნდა შესძინოს მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებულები გარე შოკებსა და ა.შ. გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისთვის შეთავაზებული კეთილი ნება. ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ვინც არ მიიღო, და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს დარჩეს იმ პორტფელში, რაც აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის იყო მომგებიანი, მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის კონცეპტუალური თემა. კონცეპტუალური თემა არის ის, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გახარიამ.
სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.