21 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ღვინის კლუბის მორიგი ლექცია ქართულ მეღვინეობაში ვაზის იშვიათი ჯიშების პერსპექტივებს დაეთმო. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ჩიჩუამ ისაუბრა. მან 2015-16 წლებში ცენტრში განხორციელებული მიკროვინიფიკაციის ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინა.
დავით ჩიჩუას თქმით, ჯიშური მრავალფეროვნების დაცვა დღეს მთელს მსოფლიოში აქტუალური თემაა. საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია აღრიცხული. ასეთი ჯიშური მრავალფეროვნება ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, იტალიაში 1700 აბორიგენული ვაზის ჯიშია აღრიცხული, ესპანეთში - 800, პორტუგალიაში - 700 და ა.შ. ე.წ. ახალი მეღვინეობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა - ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და სხვა, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება დამახასიათებელი არ არის. „ახალ ქვეყნებში“ ტრადიციული მეღვინეობის კერებიდან მხოლოდ რამდენიმე ჯიშია შეტანილი და ეს ჯიშები სრულად აკმაყოფილებს ამ ქვეყნების ღვინის მწარმოებელთა მიდგომებსა და მოთხოვნებს.
ევროპის ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში ჯიშური მრავალფეროვნების დაცვასა და მეღვინეობაში იშვიათი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას პრესტიჟის საქმედ მიიჩნევენ. ქართული მეღვინეობის ჯიშურ სპექტრში კი, 2004 წლის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებულ ჯიშს - რქაწითელს ვენახის ფართობების 50%-ზე მეტი უჭირავს. შედარებისთვის - საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაბერნე სოვიონიონს ვენახის ფართობების მხოლოდ 10% უჭირავს.
საქართველოში ჯიშური მრავალფეროვნების განვითარებას ხელს უწყობს ნიადაგური და კლიმატური მრავალფეროვნება. დავით ჩიჩუას თქმით, მევენახეთა ერთ-ერთი პრიორიტეტი ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მეღვინეობაში დანერგვა უნდა იყოს. თუმცა, შედარებით ნაკლები დოზით სახელგანთქმული უცხოური ჯიშების ვენახების გაშენებაც არ იქნებოდა ურიგო, ოღონდ - ამ ჯიშებისათვის შესაფერის რეგიონებში, ნიადაგის თვისებებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
ამა თუ იმ ვაზს ჯიშის ნერგების შესყიდვისას მევენახე უნდა დაინტერესდეს, რა სახის საძირეზეა დამყნობილი ვაზი და რამდენად შეესაბამება საძირე იმ რეგიონის ნიადაგისა და კლიმატის მაჩვენებლებს, სადაც იგეგმება ვენახის გაშენება. იხილეთ გაგრძელება