„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს, - ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი დილის 10:00 საათიდან „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში მიმდინარეობს.

„ღონისძიებაზე მოსულ კანდიდატებს, კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტები გაესაუბრნენ და სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ფორუმის მიზანი ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმებაა.

პროექტის მხარდამჭერები, ტრადიციულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულოა.

დასაქმების ფორუმის მიმდინარეობა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის - 80 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.