ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
ხშირად მსმენია და სოციალურ ქსელშიც წამიკითხავს, რომ საქართველოში ფიზიკური პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შეძენა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან არსებული სისტემა მხოლოდ ე.წ. „დიდ მოთამაშეებზეა“ მორგებული და ფიზიკური პირებისთვის კი მოუქნელი და მიუწვდომელია.
ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ უპასუხა ასეთ სკეპტიკოსებს. თუმცა, ვეჭვობ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ. ამიტომ, გადავწყვიტე პირადი მაგალითით გავფანტო მითები სისტემაში არსებული გადაულახავი სირთულის შესახებ. მაშ ასე:
დღეს, 22 თებერვალს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე თავად შევიძინე 1 ცალი (1 000 ლარის ღირებულების) 5 წლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არაკონკურენტული განაცხადის წესით. პროცესი მარტივია: ბანკმა, სადაც მაქვს ანგარიში, მომაწოდა გენერალური ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო მომსახურების შესახებ, ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის მოსახურების ხელშეკრულება და განაცხადის ფორმა (ყველა ეს ფორმა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც). აუქციონის დღესვე ელექტრონული ფოსტით მივიღე შეტყობინება ჩემი არაკონკურენტული განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი ამონაწერი. მომსახურეობის საკომისიომ შეადგინა 20 ლარი. საკომისიო ჩემს მომსახურე ბანკში შეადგენს გარიგების 0.1 პროცენტს, მაგრამ მინიმალური საკომისიო 20 და მაქსიმუმი კი 100 ლარია. ანუ, 20 ფასიანი ქაღალდის ყიდვის შემთხვევაშიც 20 ლარს გადავიხდიდი. ამ მომსახურეობის გაწევა საქართველოში ბანკების უმრავლესობას შეუძლია. თუკი მომავალში კვლავ გადავწყვეტ ფასიან ქაღალდების შეძენას, ჩემს მომსახურე ბანკში მხოლოდ განაცხადის შევსება და წარდგენა დამჭირდება. სულ ესაა :)
აქვე წინასწარ ვუპასუხებ იმ ოპონენტს, რომელიც ალბათ იტყვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, დიდი ალბათობით, არ შეექმნებოდა პრობლემა ამ პროცესში, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ეს არც სხვა მსურველებისათვის იქნება რთული. თუ ცდით და პრობლემები გექნებათ, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენი გამოცდილების შესახებ ეროვნულს ბანკს (info@nbg.gov.ge ან 2 406 406). აქვე ვურთავ ეროვნული ბანკის განმარტებით ბარათს, თუ როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2915