დღეს აბიტურიენტებისთვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო , - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის დაწყების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, www.naec.gov.ge და online.naec.ge -ზე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ აბიტურიენტები. რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - ძირითად ეტაპზე, რომელიც 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.
შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია, მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. მაგალითისთვის, ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ ან სხვა ენებზე. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცლილება ვეღარ განხორციელდება.
საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებამდე აქვთ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე განმარტებით, წელს მნიშვნელოვანი სიახლე გამოცდების ჩაბარების კუთხით არ არის. მაია მიმინოშვილის თქმით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ასევე დღეს დაიწყო, რომლის დროსაც გრანტის მოპოვების მსურველ სტუდენტებს მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ასევე გამოქვეყნდება "ცნობარი აბიტურიენტებისთვის" ელექტრონული ვერსია, ხოლო მისი ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტმა უნდა იხელმძღვანელოს რეგისტრაციის გავლისა და არჩევანის გაკეთებისას.