”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკანონმდებლო ორგანოს დღეს მიმართა.
”საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ და გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2017 წლის 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც რეგულირდება საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობები. ეს ხელშეკრულება გულისხმობს 2018 წლიდან ტრაზიტის საფასურის - ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას. „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობის სახელით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აწარმოებდა. აღნიშნული მოლაპარაკებები საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობდა, ისე რომ საქართველოს მოქალაქეებს, დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ზიანი მიადგა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს და, მეორე მხრივ, გაიზარდა რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულება”, - აცხადებენ პარტიაში.
”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკების პროცესთან, აგრეთვე ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მაშინ როდესაც რუსულ ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებებს ენერგეტიკის სამინისტრო აწარმოებდა, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენელმა. ეს ფაქტი დასტურდება მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აგრეთვე ენერგეტიკის სამინისტროს პასუხით, რომ ხელშეკრულება სამინისტროში არ ინახება.
”ეჭვს ბადებს ხელშეკრულების გასაიდუმლოების ფაქტი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კონტრაქტი „გაზპრომ - ექსპორტის“ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვები: 1. მაშინ როდესაც „გაზპრომ-ექსპორტს“ სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლის ძირითადი ელემენტები ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის გაზის მიწოდების და გაზის ტრანზიტის ფასი, რატომ ხდება საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების სრული მოცულობით გასაიდუმლოება. 2. ხელშეკრულება ეხება საქართველოს სახელმწიფო შემოსავლებს და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ ინტერესებს. მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს, როგორ ხდება სახელმწიფოს კუთვნილი თანხების განკარგვა. 3. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის სურვილების გათვალისწინება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. 4. რატომ აცხადებს ხელისუფლება უარს, მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების განხილვა საქართველოს პარლამენტში, თუნდაც დახურულ ფორმატში.
სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზირების საკითხს "გაზპრომი", წლების განმავლობაში, ყოველწლიურად აყენებდა. 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიურა ამ პირობების გადახედვის საკითხი, თუმცა, 2016 წლის ოქტომბრის საპარლემენტო არჩევნებამდე საზოგადოების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულების გამო საქართველოს მთავრობამ მოახდინა ამ საკითხის გადავადება. საბოლოოდ, ამ ხელშეკრულების გაფორმება 2017 წლის იანვარში მოხდა.
აშკარაა, რომ “გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასუსტებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, წამგებიანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ 20 იანვარს გაკეთებული განცხადებაც, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ზეიმის საფუძველს არ იძლევა, ადასტურებს აღნიშნული გარიგების არასახარბიელობას. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ეს კონტრაქტი არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაძლოა ემსახურებოდეს ზოგიერთი თანამდებობის პირის ინტერესებს.
ვინაიდან ამ ხელშეკრულების შესწავლა და გასაჯაროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეხება საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, აღნიშნული ქმედებები იღებს სისტემურ ხასიათს და შესაბამისი ორგანოები და უწყებები არ ინტერესდებიან ამ საკითხებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უახლოეს პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლის ზემოთ მოყვანილ ქმედებებს.
ამასთანავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.