საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელორუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერეს ოქმს ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ , - ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ასევე გაფორმდა მემორანდუმი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის, კადრების მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიამდე, ბელორუსის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში, საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და ამ მხრივ, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.
„ინფორმაციის დამუშავება და ეფექტური გაცვლა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
„საქართველოსა და ბელორუსს შორის სულ უფრო იზრდება ტვირთბრუნვა. პარალელურად კი იკვეთება საკითხები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზრდის ტენდენციაზე. ამიტომაც, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა“, - აღნიშნა ბელორუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ.
ბელორუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს გაფორმების ეკონომიკური ზონა, გეზი „თბილისი“ და საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“.