ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განსახლებისთვის ბიუჯეტიდან 96 მილიონი ლარი დაიხარჯება. განსახლების სამოქმედო გეგმის პროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
როგორც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 13 თებერვლის დადგენილებაშია ნათქვამი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
მშენებლობის არეალში საერთო ჯამში 1 043 758 კვადრატული მეტრი ფართობის 505 მიწის ნაკვეთია მოქცეული. ამასთან, პროექტი ზემოქმედებას ახდენს 306 სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე, რომელთაგან საცხოვრებელი დანიშნულებისაა 50.
პირებმა, რომელთა ქონებაც პროექტის მოქმედების არეალში ხვდება, ტერიტორიის გამოსყიდვის საფასურის მიღების შემდეგ, ტერიტორია არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა დატოვონ. იმ შემთხვევაში კი თუ მესაკუთრე გამოსყიდვაზე თანახმა არ იქნება, სახელმწიფოს უფლება აქვს მიწის ნაკვეთი იძულებით ჩამოართვას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პორტის მშენებლობა ჯამში, 9 ფაზას მოიცავს. საბოლოო ჯამში მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. მისი მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.