თბილისი-რუსთავის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
მისი ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით ამ დრომდე მხოლოდ მინივენები და მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. ავტობუსების დანიშვნა კი რუსთაველებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, გადაადგილების მეტ შესაძლებლობას მისცემს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„უნდა არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც იქნება მეტად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებულად კი სტუდენტებისთვის. სტუდენტები ისარგებლებენ იმ შეღავათით, რითაც სარგებლობენ თბილისის ტრანსპორტით გადაადგილებისას. ეს ინიციატივა ემსახურება სტუდენტების განათლების მიღების წახალისებას და ხელშეწყობას,“- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.