მერია გლდანში მშენებარე კორპუსის მოწინააღმდეგეებს პასუხობს

„გადავარჩინოთ უკანასკნელი გამწვანებული პარკი გლდანში!“ - ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება.

კერძოდ, საუბარია გლდანის IV მიკრორაიონში 109ა კორპუსის მიმდებარედ არსებულ პარკზე. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე 32 მ სიმაღლის, 8-10 სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

„მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ხეებს დაზიანება/მოჭრა ემუქრება და დროთა განმავლობაში, ჩვენს უბანში არსებული ისედაც მწირი დასასვენებელი და ბავშვების გასასეირნებელი ადგილი ახალი კორპუსის ავტოსადგომად და მოასფალტებულ ეზოდ გადაიქცევა,“ - ნათქვამია მოქალაქეთა პეტიციაში.

როგორც დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, გაცემული მშენებლობის ნებართვის მიხედვით ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. მათივე ცნობით, მშენებლობის არეალში მხოლოდ 2 ხე ექცევა, რომელთა მოჭრაც არ მოხდება.

„საპროექტო ტერიტორია სარეკრეაციო ზონის მიღმა მდებარეობს და საცხოვრებელ ზონა 6-ს წარმოადგენს, სადაც მაღალსართულიანი შენობების განთავსება დაშვებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი) 2011 წლის 12 სექტემბერს დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც არქიტექტურული პროექტი იმავე წლის 8 ნოემბერს შეთანხმდა და მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის (სავაჭრო ცენტრის) მშენებლობის ნებართვაც გაიცა. თუმცა შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. 2016 წლის 11 დეკემბერს მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების კორექტირება მოხდა, რომლის მიხედვითაც საპროექტო ობიექტი საცხოვრებელი ფუნქციით დაფიქსირდა. 2017 წლის 18 იანვარს კი გაიცა ნებართვა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე,“-აღნიშნავენ არქიტექტურის სამსახურში.

მერიაში წარდგენილი პროექტის დამკვეთი შპს "ჰერკულესია". როგორც კომპანიის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომლის 0 სართულზე ავტოპარკინგი განთავსდება. ამასთან, პროექტის მიხედვით შენობა მოიცავს ასევე კომერციულ, საცხოვრებელ ფართებს და სხვა.