სემეკ-ს ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ დადგინდეს ის ობიექტური ტარიფი, რომელიც ენერგოკომპანიებს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ მიიღოს და შეისყიდოს ის პროდუქტი , რომელსაც ენერგოკომპანიები სთავაზობენ. ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
”ძალიან მკვეთრად შეიცვალა ლარისა და დოლარის ურთიერთობა. ეს დამოკიდებულება თითქმის გაორმაგდა, ამასთან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სოკარ ჯორჯია გაზის მიერ განხორციელებულ ინვესტიცებს, ამიტომ ამ ორი მთავარი კომპონენტიდან გამომდინარე, ვგრძნობდით, რომ ადრე თუ გვიან ეს ორგანიზაცია აუცილებლად დასვამდა სემეკის წინაშე ტარიფების გადახედვის საკითხს“, - აღნიშნა გია არაბიძემ.
მისივე თქმით, გაზის შესასყიდი ფასი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და იგივეა, რაც იყო შარშან და შარშანწინ. თუმცა ლართან მიმართებაში ძალიან სერიოზულად შეიცვალა.
„აქედან გამომდინარე სემეკს ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ დადგინდეს ის ობიექტური ტარიფი, რომელიც ენერგოკომპანიებს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ მიიღოს და შეისყიდოს ის პროდუქტი, რომელსაც ენერგოკომპანიები სთავაზობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზის თითქმის 99%-ს დოლარით ვყიდულობთ და ეს არის შემოსული გაზი, ბუნებრივია ეს პროცესი აუცილებალად დადგებოდა, ვინაიდან მოგეხსენებათ ლარისა და დოლარის სიტუაცია. რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია გარკვეულ ციფრებზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც სპეციალისტი ვგრძნობ, ალბათ ტარიფები ზრდისაკენ შეიცვლება. მას შემდეგ რაც დადგინდება სამომხმარებლო ტარიფის რიცხვითი მნიშვნელობა, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო სუბსიდირების სახით. თუ ეს საჭირო გახდა, ტარიფების დადგენის შემდგომ სახელმწიფომ უნდა მოძებნოს საშუალება, რომ ძალიან გაჭირვებულ ოჯახებს შეეძლოთ გაზის მოხმარება და მიღება”, - განაცხადა გია არაბიძემ.