თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესზე იმსჯელეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, აღნიშნა, რომ დაფინანსების წესში მოხდა ცვლილების შეტანა, რის საფუძველზეც სოციალურად დაუცველი და წარმატებული დოქტორანტები 50%, 70% და 100% -ით დაფინანსდებიან.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლის 70 და 100 %-იანი მუნიციპალური დაფინანსება შესაძლებელი გახდა 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქ. თბილისის საკრებულომ, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
”სოციალურად დაუცველი დოქტორანტების სწავლის დაფინანსება გაგრძელებაა იმ სტრატეგიისა, რომელიც მოწყვლადი ჯგუფის წარმატებული სტრუდენტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს სიახლე, მოტივაცია და სტიმულია სტუდენტებისთვის და ხელს შეუწყობს უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას” , - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
”აღნიშნული დაფინანსების წესის დადგენილების პროექტი კომისიის სხდომაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარმოადგინა და საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომაზე დაფინანსების წესში ცვლილების შეტანის საკითხი დადებითად გადაწყდა, საბოლოოდ წესს ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.