საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი 161-ს აქვს.
შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 161 ბავშვიდან 120 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვილებელი კანდიდატების მხრიდან მათზე უარის თქმის მიზეზი ხდება.
სააგენტოს განმარტებით, შვილად აყვანა ხორციელდება რიგითობის პრინციპის დაცვით, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს შვილად აყვანის შემდეგ წესს: პირდაპირს, ნათესაურს, ფაქტობრივს და მიმღების უპირატესობით, როდესაც საქმის გარემოებებიდან და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რიგითობის პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება.
პირი, რომელიც ახლა რიგითობის მიხედვით, უკვე სიაში პირველია, 1998 წლის 1-ელ ივნისს დარეგისტრირდა, ხოლო მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულ პირთა შორის უკანასკნელი გასულ კვირას მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 26 იანვარს არის დარეგისტრირებული.
რაც შეეხება ზოგადად, შვილად აყვანის მსურველების დარეგისტრირების ტენდენციას, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი 577 პირი/ოჯახი, 2013 წელს-574 პირი/ოჯახი, 2014 წელს-356 პირი/ოჯახი, 2015 წელს-274 პირი/ოჯახი, 2016 წელს-244 პირი/ოჯახი; ბავშვის შვილად აყვანის ინტენსივობის მაჩვენებელი კი ასეთია - 2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულმა 209 ოჯახმა/პირმა განახორციელა შვილად აყვანა, 2013 წელს-219-მა ოჯახმა/პირმა; 2014 წელს- 176-მა ოჯახმა/პირმა; 2015 წელს-164-მა ოჯახმა/პირმა; 2016 წელს- 130-მა ოჯახმა/პირმა; სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შვილად აყვანის მსურველები სასურველ მოთხოვნებს უთითებენ. კრიტერიუმებს შორის 0-დან 2 წლამდე ასაკი და ეროვნებით ქართველი ბავშვის მოთხოვნა დომინირებს.
3262 მშვილებლიდან 505 მშვილებელი უპირატესობას ანიჭებს მამრობითი სქესის, 855 კი, მდედრობითი სქესის ბავშვს, ხოლო დანარჩენისათვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს.
ამასთან, როგორც ცნობილია, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივი რეგულაციები იცვლება. საქართველოს პარლამენტში ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მოიწონა და საგაზაფხულო სესიაზე ცვლილებების კენჭისყრა იგეგმება.