"ოსკარის" სასაჩუქრე კალათის ფასი 200 000 დოლარამდე შემცირდა

ბოლო 16 წელია ”ოსკარის” ცერემონიალზე ნომინანტებს ეგზოტიკური მოგზაურობიდან დაწყებული, ძვირადღირებული ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული, მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცემათ.

"უფასო, დამატებითი საჩუქრები" რეჟისურისა და მსახიობის კატეგორიაში ნომინირებულ 25-ივე ადამიანს გადაეცემათ.

"ფორბსის" ინფორმაციით, ყოველწლიურად, თითო სასაჩუქრე კალათი დაახლოებით 232 000 დოლარის ღირებულების იყო და საერთო ჯამში, 6 მილიონი დოლარის საჩუქრებს აერთიანებდა. კომპანიებს, რომელთაც საშუალება ეძლევათ თავიანთი პროდუქცია სასაჩუქრე კალათში მოათავსონ, დამატებითი საფასურის გადახდა უწევთ ამ პრივილეგიისთვის. 

გასულ წელს ამერიკის კინოაკადემია კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ამ ძვირადღირებული საჩუქრების ისედაც მაღალანაზღაურებადი, მილიონერი მსახიობებისთვის გადაცემის გამო. ამიტომ  აკადემიას მოუწია იმის გაცხადება, რომ მათ არანაირი შეხება არ აქვთ ამ ძვირადღირებულ საჩუქრებთან.

"ფორბსის" ცნობით, ყოველივე ამის გამო წელს სასაჩუქრე კალათის ღირებულება შემცირდა და 200 000 დოლარზე მეტი არ იქნება.

წლევანდელ სასაჩუქრე კალათში ყველაზე ძვირიანი საჩუქარი კალიფორნიულ რანჩოზე სამდღიანი დასვენებაა, რომლის ფასიც 40 000 დოლარია. აგრეთვე წლევანდელ სასაჩუქრე კალათში ნომინანტებს დახვდებათ 1-კვირიანი სპა მომსახურების ვაუჩერი - 8 850 დოლარი, 3-დღიანი დასვენება სასტუმრო "ექსელსიორში" -  5000 დოლარი, 10 სესია სელებრითების მწვრთნელ ალექსის სელეცკისთან - 900 დოლარი, 14-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის სამაჯური და სხვა ძვირფასი საჩუქრები.

შარშანდელ კალათში იყო "აუდის" მანქანების გაქირავების ვაუჩერი 45 000 დოლარის ოდენობით, 15-დღიანი კერძო ტური იაპონიაში, ვიპ ინკლუზიური მოგზაურობა ისრაელში და ლიზორას კოსმეტიკის ვაუჩერი 31 200 დოლარის ღირებულებით.