საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ბრიუსელში ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება, - ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.

რაც შეეხება ვადებს, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ხელმოწერას 1-ელ ან 2 მარტს ელოდება, გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებას კი 10 მარტამდე. პროცედურით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 20 დღე მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ ძალაში შევიდეს.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში 180 დღიან პერიოდში ნებისმიერი 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.