ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ისრაელს სჭირდება პროექტებზე სამუშაოდ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართველი ტურისტების ისრაელის საზღვრიდან უკან გამობრუნების გახშირებულ შემთხვევებს.
იციკ მოშეს განმარტებით, სამომავლოდ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად „ისრაელის სახლი“ აპირებს, მომავალ კვირას საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს ინიციატივით მიმართოს, რომლის მიხედვითაც, 100 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდება და სპეციალური კომისია იმუშავებს პრობლემის მოგვარებაზე.
მისი განმარტებით, პირველ რიგში, უნდა გაიყოს ტურიზმი და სამუშაო.
„გაუგებრობა და მედიის კითხვები - რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ კვირას დავაყენებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართელო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“, - განაცხადა იციკ მოშემ.
მისივე განმარტებით, თუ იქნება ორივე მხრიდან სურვილი, 100 დღეში ეს საკითხი მოგვარდება.