საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა გუშინ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე „ახალ ტფილისში“ გაისეირნეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე „არიფანას“ ესტუმრნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია ევროკომისარის ვიზიტი თბილისში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში-ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასკვნით ეტაპზე. მათ მადლობა გადაუხადეს დიმიტრის ავრამოპულოსს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
„ძალიან მიხარია თბილისში დაბრუნება. მშვენიერი ქალაქია - მე გამიმართლა და აქ ადრეც ვიყავი. დღეს მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ღონისძიებით - მშვენიერი საღამოა და ის უკან გვაბრუნებს ამ ქალაქის წარსულში. როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის მიზანი ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და რამდენიმე განცხადების გაკეთებაა. კერძოდ, მოვლენები ძალიან კარგად ვითარდება - როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ახლა ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. სულ რამდენიმე დღეში, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ“, - -განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.