25 მილიონი ბიუჯეტიდან - საბჭოთა რეჟიმის მიერ ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია თუ პოლიტიკური ფასი
საქართველოში სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების გარკვეულ წრეებში განხილვის საგანი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუდმივად ისმის მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ადამიანების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიური კომპენსიების ფინანსების საჯაროობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მერე ნაწილს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიაჩნია, რომ საპატრიარქოს დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანის აუცლებლობა არ დგას და, შესაბამისად, არსებული პრაქტიკით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსების გამოყოფა აბსოლუტურად მისაღებია.
მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხი შეიძლება ორი მიმართულებით შეფასდეს. ერთი მხრივ, აღნიშნული თემა შეიძლება დანახული იყოს წმინდა სამართლებრივი პრიზმიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ეკლესიისთვის ფინანსების გამოყოფა და მასთან დაკაშვირებული ნებისმიერი ასპექტი შესაძლოა, ემოციური თვალსაზრისით შეფასდეს.
დაფინანსების საფუძველი
როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებაზეა საუბარი, ხშირად ისმის კითხვები სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ვალდებულების აღების დასაბუთებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების დასაბუთებას, ეკლესია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლით ხსნის. მითითებულ მუხლში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში) სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე".
გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია 2014 წლის 27 იანვარს მიღებული მთავრობის დადგენილება. აღნიშნულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს. იქვე განსაზღვრულია, რომ "საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას".
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2014 წელს რელიგიური გაერთიანებებისთვის ზარალის ანაზღაურების ფარგლებში გასაცემი თანხა განისაზღვრა 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლისთვის 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 2014 წელს, საქართველოს მუსლიმი თემისთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 1 100 000 ლარს, იუდეური თემისთვის - 150 000 ლარს, რომაულ-კათოლიკური თემისთვის 200 000 ლარს, ხოლო სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემისთვის 300 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნვს, რომ ზემოთ მოყვანილი სახით საპატრიარქოსთვის გამოყოფილი სახსრები დისკრიმინაციულია და ჩნდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ასეთი მეთოდით ფინანსური მხარდაჭერა სამართლებრივი დისკუსიდან გადის და უფრო მეტად პოლიტიკურ დანიშნულებას იღებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ეკლესიაზე პოლიტიკური გავლენის გაზრდის რისკებს შეიცავს.
ასევე, ობიექტურობა მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას. კერძოდ, 2014 წლის 23 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა და, შესაბამისად, სინოდზე აღინიშნა, რომ "არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს", - დაფიქსირებულია წმინდა სინოდის 23 დეკემბრის სხდომის ოქმში.
ეკლესიის პრივილეგიები
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია და ასევე კერძო პირები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული საგნების რეალიზებას ახდენენ, სარგებლობენ საგადასახადო (მოგების, დღგ, ასევე ქონების გადასახადი) შეღავათებით, რომელიც სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე არ ვრცელდება.
ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, აუდიტის სამსახურს საქართველოს საპატრიარქოს შემოწმების უფლება არ აქვს. აუდიტს მხოლოდ საპატრიარქოს ინიციატივის საფუძველზე შეუძლია შევიდეს და ჩაატაროს ხარჯების მიზნობრიობის შესახებ გამოკვლევა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რაც საპატრიარქოს ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ნეგატიურ ეჭვებს ამძაფრებს იმდენად, რამდენადაც მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც სახელმწიფო ფინანსების მიზნობრიობაზე არის პასუხისმგებელი, პრაქტიკულად, წართმეული აქვს მთავარი მოვალეობის განხორციელების უფლება.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სახელმწიფოს მხრიდან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია და ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის წარმოებაში მიიღო.
კერძოდ, 2017 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა სხდომა საქმეზე: "სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია", ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", სსიპ "ქრისტეს ეკლესია", სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია", ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია", ააიპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი" და სსიპ "წმინდა სამების ეკლესია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს საპატრიარქოსთვის სადავო ნორმით დაწესებულ შეღავათებს, რითაც საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდისგან, აგრეთვე, საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრების და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით, რის გამოც ილახება კონსტიტუციის მე-14 მუხლი გათვალისწინებული თანასწორობის უფლება. სარჩელის არსებითად მიღების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის "დე" ქვეპუნქტის სიტყვების, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის სიტყვების, მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტქის სიტყვების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიმართებით. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს და, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს.
ბიუჯეტის ასიგნებები (გადარიცხვები)
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მე-5 მუხლში, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები არის განსაზღვრული, ერთ-ერთი მიმართულება სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით არის წარმოდგენილი. კერძოდ, ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდისათვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში) საქართველოს საპატრიარქოს 70-ზე მეტი საგანმანათლებლო-კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაციის (სასულიერო აკადემიები და სემინარიები, უნივერსიტეტი, სკოლა-გიმნაზიები, დედათა და ბავშვთა სახლები, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი, პროფესიული კოლეჯი და სახელობო სასწავლებლები) დაფინანსება.
თავის მხრივ, საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ფინანსები კი, გადანაწილებულია შემდეგნაირად (თანხა წარმოდგენილია ათას ლარებში): სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი - 14,683; ა(ი)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი - 295.0; ა(ი)იპ - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 1,768; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი - 959.0; საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი - 261.0; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 447.0; წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 230.0; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი 2,000; საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ - ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი - 2,304; ა(ა)იპ - სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 100,0; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები - 800.0; ა(ა)იპ - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 500.0; ა(ა)იპ - ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 653.
საპატრიარქოს პოზიცია
დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. კერძოდ, აღნიშნული საკითხის ირგვლივ, 2013 წელს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გადმოცემულია ის ძირითადი პასაჟები, რომელიც ეკლესიის დაფინანსებას ეხება. შემოგთავაზებთ ეკლესიის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებების ამონარიდებს.
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა და, ცხადია, საქართველოშიც ბიუჯეტიდან თანხების მიღება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ცდომილებას.
"საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პირდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის, ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.
2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების (მე-11 მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, - მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, - 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, - ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.
რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ანდრია გვიდიანი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"