ფინანსთა სამინისტრო  იანვარში 8%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. გასული თვის ეკონომიკური შედეგები უწყების ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.

"ეს არის წინასწარი მონაცემები, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ეს ადასტურებს, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 %-ით გაიზარდა", - განაცხადა ხადურმა.

მისივე განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება გამოწვეულია რამდენიმე დარგის სერიოზული გააქტიურებით.

"ესაა შედეგი სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის, ამასთანავე, 43 პროცენტით გაიზარდა აქტივობა მშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოიმატა სატრანსპორტო გადაზიდვებმა. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩვენი პროგნოზები კონსერვატულია", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი – 5%-ით განისაზღვრა.