ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ , - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს“.
„აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა“, - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა ხელი მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001 რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.