ირაკლი კოვზანაძე - დიდი ხანია, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხზე სამართლებრივი ჩიხია, რომელიც საჭიროა სწრაფად დასრულდეს

დიდი ხანია, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხზე სამართლებრივი ჩიხია, რომელიც საჭიროა სწრაფად დასრულდეს, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, წელიწადნახევარია, რაც აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, თუმცა დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

გარდა ამისა, კოვზანაძის თქმით, მთავარია განხორციელდეს ადეკვატური, მკაცრი და დამოუკიდებელი ზედამხედველობა როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის მონაწილეების მიმართ.

“აღნიშნულ საკითხზე არსებობს სამართლებრივი ჩიხი, რომელსაც სწრაფი გადაწყვეტა სჭირდება. წელიწადნახევარია, რაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია და, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მთავარია, საფინანსო ზედამხედველობა იყოს დამოუკიდებელი, მკაცრი, როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში, ასევე განხორციელდეს ერთგვაროვანი ზედამხედველობა საფინანსო სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.

16 კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა, აღნიშნული ცვლილებებით კანონიდან ხდება ყველა იმ ნორმის ამოღება, რომლის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი დღე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს არ უფუნქციონირია, რადგან ცვლილებები, რომელიც კანონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.