„ვოგი“ - ქართველი დიზაინერები Victoria’s Secret-ის მოდელების ფავორიტები არიან (ფოტო)

პოპულარული გამოცემა Vogue-ს ცნობით, ქართველი დიზაინერები „ვიქტორია სეკრეტის ანგელოზთა“ საყვარელი დიზაინერები არიან.

როგორც „ვოგი“ წერს, გასულ კვირას „ვიქტორია სეკრეტის“ ცნობილი მოდელი რომი სტრიჯდი წითელი ტყავის კომბინეზონში გამოჩნდა, რომელიც ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას 2016 წლის კოლექციიდან იყო.

გამოცემაში ასევე დასახელებულია "ვიქტორია სეკრეტის" სხვა მოდელებიც, რომელთა გარდერობში ასევეა ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანისამოსი. მათ შორის, არიან ბელა ჰადიდი და დოუცენ კროსიც. ეს უკანასკნელი გასულ წელს ორჯერ გამოჩნდა თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი სამოსით. რაც შეეხება ბელა ჰადიდს, ფოტოგრაფებმა ცნობილი მოდელი ორჯერ დააფიქსირეს ქართული ბრენდის Situationist-ის სამოსით. ქართველმა დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ Situationist 2015 წელს შექმნეს.

„ტოპ კლასის მოდელები სულ უფრო ხშირად იმოსებიან ქართველი დიზაინერების შეკერილი ტანისამოსით. შესაბამისად, საქართველოც უფრო აქტიურად ჩნდება მსოფლიო მოდის რუკაზე“, - წერს "ვოგი".

იხილეთ ფოტოგალერეა