ამერიკულმა წამყვანმა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიამ Agile Precis Ventures, Inc. (APV), საქართველოში ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშული კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზრის მოთხოვნებისა და რისკების შეფასებაში დაეხმარება.
კომპანია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს წარმატებულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რისკების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზებაში ეხმარება. კომპანია ძირითადად უსაფრთხოების, საინჟინრო, ჯანდაცვის, ბიოტექნიკის, პროდუქტებისა და სერვისების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
APV-ს აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონი თბილისში უკვე იმყოფებოდა და შეხვედრები როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. იგი საქართველოს მარტის დასაწყისში კვლავ ეწვევა, რათა თბილისში ახალი ოფისი გახსნას.
Agile Precis Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონის განცხადებით, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, რამაც საქართველოში მოღვაწეობა გადააწყვეტინა: ”საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც ვაჭრობასა და კომერციაში აქვს დიდი ისტორია. აღნიშნული ფაქტორი საქართველოს აძლევს გამოკვეთილ უპირატესობას რეგიონში. ქვეყანას აქვს იდეალური მდებარეობა ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის და არის ძალიან პროდასავლური. ბოლო პერიოდში გატარებული სტრუქტურული და მარეგულირებელი ცვლილებები ეხმარება ბიზნესს წარმატების მიღწევაში. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკის სექტორში. ჩვენი დაკვირვებით, მრავალი მცირე ბიზნესი დიდი კომპანიების კუთვნილებაშია. არის მცირე ბიზნესების დანაკლისი, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად, გარდა სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული სექტორებისა. ეს ნაბიჯი საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტია Agile Precis Ventures-ისთვის. ძნელია არ შეგიყვარდეს საქართველოს სტუმართმასპინძლობა, საკვები, ღვინო და მეგობრები, რომლებსაც იძენ მომენტალურად. საქართველო არის ადგილი, სადაც გინდა რომ აკეთო ბიზნესი, სადაც გინდა რომ იცხოვრო.”
Agile Precis Ventures-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმატებისა და მდგრადობის გაუმჯობესება. ამისათვის კომპანია საუკეთესო პრაქტიკებს, ბიზნეს მოდელირებას, გრძელვადიან სწავლებებსა და საქმიანობის მონიტორინგს იყენებს. აღნიშნული პრაქტიკები როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუტებს წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარება.