დევნილთა და განსახლების სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 ოჯახს დაუფარავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს , - ამის შესახებ მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.

”დევნილებს, რომლებმაც იპოთეკური სესხებით იყიდეს ბინა მთლიანად ან ნაწილობრივ ვუფარავთ სესხს. მთლიანად ვუფარავთ იმ შემთხვევაში, თუ სესხი 20 000 ლარს არ აღემატება, ხოლო ნაწილობრივ ვფარავთ იმ შემთხვევაში, თუ სესხი 20 000 ლარზე მეტია. დევნილი, რომელიც ამ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, საცხოვრებლით უზრუნველყოფილად ჩაითვლება და მომავალში, მსგავს პროგრამებში ვეღარ ჩაერთვება”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, პროგრამასთან დაკავშირებით უწყებაში უკვე 475 განცხადება არის შესული.

სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო.

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320-ე ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება.

ამასთან, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტის ფარგლებში სამინისტრომ სესხი 93 ოჯახს უკვე დაუფარა.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები 2017 წლის 15 მარტამდე მიიღება.