რუსეთის ღვინის კომპანიები ქართული ღვინის წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესდნენ. ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი რუსული კომპანია ”აბრაუ-დიურსო” საქართველოში საკუთარი პროექტის დაწყებას განიხილავს. კომპანიის დამფუძნებელმა პაველ ტიტოვმა ამ მიზნით ქართული ვენახები დაათვალიერა.
”ჩვენ საქართველოში პოტენციურ პროექტს განვიხილავთ. ეს შესაძლოა იყოს როგორც დისტრიბუცია, ასევე აქტივების შეძენა”, - განაცხადა ტიტოვმა.
ღვინის მოვაჭრე კომპანია Simple-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინის პოტენციალი კიდევ გაიზრდება.
”ქართულ ღვინოზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ის კიდევ გაიზრდება. ჩვენ ქართული ღვინის იმპორტის მოცულობას გავზრდით და პარალელურად საკუთარი წარმოებისთვის მოვემზადებით”, - განაცხადა Simple-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა სანდრო ხატიაშვილმა.
რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 2006 წელს აკრძალა. ძირითადი პრეტენზიები მაშინ ღვინის ხარისხს ეხებოდა. ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე 2013 წლის ივნისში განახლდა.