იანვარში მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან მაღალი ციფრია და მნიშვნელოვანი საფუძველია მომავალ თვეებში მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა ჟურნალისტებს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ვივარაუდოთ, რომ 2017 წელს წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-იანი იქნება, ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მიღწევადია.
”ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, როგორც მთავრობის, ისე ფინანსთა სამინისტროსი, არის ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება. ეს მიზანი იყო ასახული, როგორც მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. სწორედ იმ სწორმა გადაწყვეტილებებმა, ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკასა და საგადასახდო პოლიტიკაში განაპირობა მნიშვნელოვანი საფუძვლის შექმნა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. იანვრის მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი ციფრია და მნიშვნელოვანი საფუძველია მომავალ თვეებში მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად”, - განაცხადა ყავლაშვილმა.
კითხვაზე, მთავრობის რომელ გადაგმულ ნაბიჯებს გულისხმობდა ყავლაშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ მაგალითად საგადასახადო პოლიტიკა, რაც 2017 წლის ბიუჯეტში არის ასახული.
”ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა მოიცავს უმნიშვნელოვანეს რეფორმას მოგების გადასახადთან დაკავშირებით. ეს რეფორმა არის უპრეცედენტო რეგიონის მასშტაბით და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული რეფორმა არის მიმართული რეინვესტირების გაზრდაზე, ანუ ეკონომიკის გაზრდაზე. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია საბიუჯეტო პოლიტიკაში, ხარჯვით პოლიტიკაში გადაწყვეტილებები, იმ მაღალი დაფინანსების ოდენობა და მთავრობის მზაობა განახორციელოს და დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ეს გადაწყვეტილებები არის ის საფუძველი, რამაც მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა მოგვცეს 2017 წელს და მომავალ წლებში საშუალოვადიან პერსპექტივაში”, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება დღგ-ს ნაწილში გადამხდელთა რაოდენობის შესახებ საქსტატის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, დღგ-ს ნაწილში გადამხდელთა ბრუნვების ზრდის მაჩვენებელს ეფუძნება ეს შეფასება.
”ბიუჯეტში რიცხვების ჩადება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინება ხორციელდება მრავალი ანალიზით და განსჯის შემდეგ 4%-იანი ზრდა მიღწევადია 2017 წელს”, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.