იანვარმა არ უნდა მოგვატყუოს, მაგრამ არის რამდენიმე დადებითი კომპონენტი, რომელიც ადრე თუ გვიან იმუშავებს. ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე იანვარში ეკონომიკური ზრდის მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ იანვარში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5,2% შეადგინა.
შეშელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც გასულ თვეში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი განაპირობა და აღნიშნავს, რომ გალარების პროგრამას ეკონომიკური ზრდის მონაცემებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
„გადახალისებული იყო მიდგომა მონეტარული პოლიტიკისა და საერთო სახელმწიფო ხარჯების მიმართ. გალარების პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უფრო მნიშვნელოვანი, რამაც გავლენა იქონია, იყო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. შემცირდა რეფინანსირების მოცულობა, შესაბამისად, შემცირდა ლარი მიმოქცევაში. კურსი შედარებით დასტაბილურდა და ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდა. ამასთან, მთავრობამ გარკვეულწილად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკაც დაიწყო. მოგების გადასახადის რეფორმაც არაა გამოსაკლები, რომელმაც ბიზნესს უკეთესი პირობები შეუქმნა,“-ამბობს შეშელიძე.
თუმცა, ექსპერტის შეფასებით, იანვარმა არ უნდა მოგვატყუოს, რადგან ადამიანები იანვარში ბევრს ხარჯავენ, ბევრ შენაძენს აკეთებენ და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, მაგრამ არის რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი კომპონენტი, რომელიც ადრე თუ გვიან იმუშვებს.
პაატა შეშელიძის თქმით, თუ მთავრობა აღნიშნულ პოლიტიკას გააგრძელებს, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება.