საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. ასე ეხმაურება რომან კაკულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, ეკონომიკური ზრდა იანვარში 5.2%-ია. დეპუტატის შეფასებით, ციფრებმა მთავრობა აღფრთოვანებაში არ უნდა ჩააგდოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს.
"პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა ეს. როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობდით, მაშინ ამის მიზეზად საგარეო ფაქტორები სახელდებოდა და როდესაც უკვე ყველაფერი დასტაბილურდა, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. როდესაც დღგ-სგან მიღებული შემოსავლის ზრდა გვაქვს, ეს არის უშუალოდ ინდიკატორი იმისა, რომ ეს აღმავალი გადასახადია. ასეთივე ოპტიმისტური მაჩვენებელია დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობაზე. პრინციპში, ეს არ არის ის ციფრი, რომლითაც შეიძლება აღფრთოვანებაში ჩავვარდეთ, მაგრამ ეს არის მანიშნებელი იმის, რომ სწორი გზით მიდის მთავრობის კურსი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები და კიდევ უფრო მდგრადი გავხადოთ",- განაცხადა კაკულიამ.