მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის წარმოდგენისას, ბიუჯეტის დამტკიცებისას, ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტირებისას დაბეჯითებით ვამბობდით, რომ ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და გულისხმობდა საჭირო ნაბიჯებს ეროვნული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ იანვრის თვის ეკონომიკური მაჩვენებელის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით სწორი პოლიტიკა გაგრძელდება იმისთვის, რომ დინამიკაში ეკონომიკის მზარდი განვითარება დაფიქსირდეს. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ჰქონდა უშინაარსოდ კრიტიკული პოზა და მიუხედავად იმისა, ვინ არ გვეთანხმებოდა, ეს უკვე სხვა და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. მთავარი ციფრებში მოცემული დღევანდელი შედეგებია: იანვრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.2% შეადგენს; საქონლის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.7% პროცენტით გაიზარდა; დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7% შეადგინა; 33%-ით არის გაზრდილი 2017 წლის იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით; 2017 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა; ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,1% გაიზარდა; საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის, მე-13 ადგილი დაიკავა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა.