ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომელსაც მხარი დავუჭირეთ 2016 წლის დეკემბერში არის პრაგმატული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, რაც უკვე გვაჩვენა იანვრის თვის ეკონომიკურმა ტენდენციებმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იანვრის თვის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელის შეფასებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ფიქსირდება მკვეთრად დადებითი ტენდენციები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
უმრავლესობის ლიდერმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ The Herritage Foundation-ის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილს იკავებს.
„2017 წლის იანვარში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,2% შეადგინა, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია. 45%-ით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი, რაც მნიშვნელოვანია შემოსავლების მიღების თვალსაზრისით. ასევე არის კიდევ ერთი ინდიკატორი, ეს არის ახლად შექმნილ საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი, რომელიც გაზრდილია 33%-ით. აქვე უნდა გითხრათ, რომ წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვრის თვეში ტურისტების ნაკადი საქართველოში 32%-ით არის გაზრდილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესოსბის ლიდერის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ეკონომიკისგან და ქმნის კიდევ უფრო ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციებისთვის.
„ბუნებრივია ეს პირდაპირ ნიშნავს მეტ შემოსავალს, მეტ დოვლათს საქართველოს ოჯახებში, თითოეული მოქალაქის შემოსავლებში. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ეკონომიკისგან, რომ ის რეფორმები და ცვლილებები, რასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, იყო სწორი, შედეგზე ორიენტირებული და მთავრობას აძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა განახორციელოს სწრაფად და ეფექტურად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პროგნოზები იმის შესახებ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, დადებითია და ამას ხელს ის მსხვილი პროექტები შეუწყობს, რომელთა განხორციელებაც გაზაფხულზე დაიწყება.
„ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები და მოველით, ეს ტენდენციები შენარჩუნდება და ეკონომიკური განვითარების ტემპები არ შენელდება. ამისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი. ის დიდი მასშტაბის პროექტები, რომელთა განხორციელება იწყება უკვე გაზაფხულზე, ხელს შეუწყობს ამ ტენდენციების კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად.
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ მონაცემებს აკვირდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ბუნებრივია, მათთვის ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველო არის ძალიან ხელსაყრელი, საიმედო და სტაბილური ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა.