საგადახდო მომსახურების პროვაიდერები 16 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის მიხედვით დარეგისტრირდებიან.
ახალი რეგულაცია, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ახალ მიდგომებს აწესებს და მეორეს მხრივ, პროვაიდერთა რეგისტრაციისა და რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროვაიდერების მიმართ მომხმარებელთა საჩივრების მიღების წესისა და მათი განხილვის ვადების შესახებ მოთხოვნები დადგინდა. კერძოდ, წესის მიხედვით, მომხმარებლის საჩივარზე რეაგირებისთვის პროვაიდერს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა. დოკუმენტი, ასევე, განუსაზღვრავს პროვაიდერს მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსებისა და დაცვის მოთხოვნებს, მათ მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგულ კომპანიაზე (სხვა პირზე) გადაცემისა და საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენების პირობებს.
მსხვილ (მნიშვნელოვან) პროვაიდერს წესებისა და პროცედურების, უსაფრთხოების ზომების, ასევე რისკების შეფასებისა და მათი შემცირების ღონისძიებების დანერგვის მიზნით დამატებითი მოთხოვნები დაუწესდა. ახალ წესში დაზუსტდა პროვაიდერის სათაო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აღნიშნულ წესში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციები.
დღეისათვის საქართველოში კომერციულ ბანკებთან ერთად საგადახდო მომსახურებას საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ახორციელებენ. აღნიშნულ პირებს დიდი წვლილი შეაქვთ მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების მიწოდების ნაწილში, როგორიცაა გადახდების განხორციელება თვითმომსახურების „კიოსკების“ მეშვეობით, გადახდები სატრანსპორტო საშუალებებში, ელექტრონული ფულის გამოშვება და მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების განხორციელება და სხვა.