„არაბული გაზაფხული მშიერთა რევოლუცია იყო,“ - ასე განაცხადა „ბოსტონ გლოუბის“ ჟურნალისტმა თენესის კამბანისმა 2011 წლის სტატიაში , სადაც ამტკიცებდა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა შეზღუდულია, „სასადილო მაგიდაზე შეტევა“ კარგი იდეა არ არის. იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვებზე ფასები, ის კიდევ უფრო შორს წავიდა – მკითხველებს შეახსენა, რომ ეგვიპტეში ფასების თითქმის 19%-იან ინფლაციას ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.
როგორც iset-pi.ge წერს, საკვებზე ფასების მატებამ, როგორიც იყო, მაგალითად, 2007-2008 წლებში მარცვლეულზე ფასების ზრდა, ან სხვა სახის შოკებმა, მაგალითად, ვალუტის გაუფასურებამ, შესაძლოა, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც საკვებზე დანახარჯს მაღალი წილი უჭირავს მთლიან დანახარჯებში. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ია. ზოგიერთ ქვეყანაში კი საკვების მოხმარების წილი 80%-საც კი აღწევს (მაგ.: ანგოლაში).
ფასების მერყეობა საკვებზე კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს. საქართველო ამის კლასიკური მაგალითია, რადგან საქართველოში მოხმარებული ხორბლის 80% და ხორცის 50% იმპორტირებულია. საქართველო იმპორტზე ძლიერ არის დამოკიდებული, გამომდინარე აქედან, ლარის გაუფასურებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკვების ფასების სტაბილურობაც. ლარის გაუფასურება 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის ბოლოსთვის ადგილობრივი ვალუტა ნომინალურად თითქმის 50%-ით გაუფასურდა. ითვლება, რომ ვალუტის გაუფასურება გარდაუვლად იწვევს საკვებზე ფასების მატებას, თუმცა საინტერესოა, რამდენად გამართლდა ეს მოსაზრება საქართველოს შემთხვევაში?
ცოტაოდენი თეორია...
თეორიულად, სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც ვალუტა უფასურდება, იმპორტი ძვირდება. როდესაც გაცვლითი კურსი იზრდება, იმპორტიორ ქვეყანას მეტი ადგილობრივი ვალუტა სჭირდება იმავე ოდენობის უცხოური ვალუტის შესაძენად, ვიდრე ადრე სჭირდებოდა. ეს კი აძვირებს ადგილობრივ ფასებს იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლის ოდენობაც საბოლოოდ მცირდება. ამის საპირისპიროდ, ვალუტის გაუფასურებას დადებითი გავლენა აქვს ექსპორტზე, რადგან, გაუფასურებული ადგილობრივი ვალუტის შედეგად, მყიდველისთვის ექსპორტი იაფდება.
გამომდინარე აქედან, გაცვლით კურსსა და საკვებზე ფასებს შორის ნამდვილად არსებობს კავშირი. თუმცა ეს ურთიერთკავშირი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ქვემო მოცემულ დიაგრამაში ნაჩვენებია საქართველოში საკვები პროდუქტების ფასებისა და გაცვლითი კურსის ინდექსები, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი ქცევა ახასიათებთ. როდესაც იზრდება გაცვლითი კურსი (ვალუტა უფასურდება), იზრდება ფასები საკვებზე. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, 2016 წლის მარტი-მაისის პერიოდში საკვებზე ფასები სტაბილური იყო, გაცვლითი კურსის ინდექსი კი ჯერ შემცირდა და შემდეგ კვლავ გაიზარდა. 2016 წლის ივლის-აგვისტოში გაცვლითი კურსის ინდექსი დაეცა, საკვებზე ფასები კი გაიზარდა.
იზრდება თუ არა საკვებზე ფასები საქართველოში?
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარი უფასურდებოდა. 2016 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ის მცირე ხნით გაძვირდა და შემდეგ, წლის მეორე ნახევარში კვლავ გაუფასურება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ლარი 2014 წლის ნიშნულზე (1.7-1.8 ₾/$) გაძვირების პერიოდებშიც კი აღარ დაბრუნებულა.
იმისათვის, რომ შევაფასოთ, გაძვირდა, თუ არა ფასები საკვებზე ვალუტის გაუფასურების შედეგად, საჭიროა, გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რეალური გაცვლითი კურსი არის ვალუტის მსყიდველობითი უნარი სხვა ვალუტასთან მიმართებით მიმდინარე გაცვლითი კურსისა და ფასების პირობებში.
პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურ გამოხატულებებს. ნომინალურ გამოხატულებაში ლარი დოლართან მიმართებით 49.1%-ით გაუფასურდა (2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის დემებრამდე კურსი 1.78-დან 2.65 ₾/$-მდე ავიდა). თუმცა თუ ₾/$ რეალურ გაცვლით კურსს შევხედავთ, მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. ₾/$ გაცვლითი კურსი 29.5%-ით დაეცა იმავე პერიოდში. შესაბამისად, ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ, როგორც ნომინალურ, ისე, რეალურ გამოხატულებებში, თუმცა, რადგან აშშ არ არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი საკვების იმპორტის მიმართულებით, უპრიანია, შევხედოთ რეალურ გაცვლით კურსებს საქართველოსა და თურქეთს და საქართველოსა და რუსეთს შორის. ლარი/ლირას და ლარი/რუბლის რეალური გაცვლითი კურსებიდან, შესაბამისად, ჩანს, რომ ქართული ლარი თურქულ ლირასთან მიმართებაში მცირედ, 4%-ით, რუსული რუბლის მიმართ უფრო ძლიერ, 20%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, რეალურ გამოხატულებაში გაუფასურება, ნომინალურ ცვლილებებთან შედარებით, არც ისე მაღალი იყო.
რაც შეეხება საკვებზე ფასებს, 2016 წლის ბოლოს, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, ფასები ნომინალურ გამოხატულებაში 6.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძლიერ დამოკიდებლულია იმპორტზე და ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდა, ფასები საკვებზე იმავე ტემპით არ გაზრდილა. მეტიც, ფასები შემცირდა ზოგიერთ ისეთ პროდუქტზე, რომელთაც ფართოდ მოიხმარენ ქართული შინმეურნეობები. ასე მაგალითად, კარტოფილის საცალო ფასი დაეცა 6.5%-ით, ყველის – 5.2%-ით, ლობიოსი კი 2.2%-ით. თუმცა, ვინაიდან საკვებზე ფასების ინდექსი გაიზარდა, საკვების უმეტესობა გაძვირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა სიმინდის ფქვილი (საცალო ფასი 26.9%-ით გაიზარდა). საინტერესო კი ის არის, რომ სიმინდის ფქვილი თითქმის სრულად ადგილობრივად იწარმოება. ასევე, შესამჩნევად, 21%-ით გაიზარდა ფასი მზესუმზირის ზეთზე. მზესუმზირის ზეთს აწარმოებენ როგორც ქართველი, ისე უცხოეული მწარმოებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკვებ პროდუქტზე ფასის გაძვირებაში იმპორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კიდევ რა შეიძლება იწვევდეს საკვებზე ფასების ცვლილებას?
ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ადგილობრივი ვალუტის დასუსტება. თუმცა საკვებზე ფასების ცვლილება მხოლოდ ამით არ არის გამოწვეული. მხედველობაშია მისაღები შემდეგი ასპექტებიც:
მსოფლიო ფასები. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საკვებზე ფასების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საკვებზე ფასების ვარდნა 2011 წელს დაიწყო. ინდექსი 30%-ით დაეცა 2011 წლიდან და 229.9-დან 161.5-ს მიაღწია 2016-ში. საერთაშორისო ფასები დაგვიანებით გადაეცემა ადგილობრივ ბაზრებს და მათი მეშვეობით მცირდება ვალუტის გაუფასურების უარყოფითი ეფექტი ადგილობრივი ბაზრის ფასებზე.
ადგილობრივი წარმოება. საქართველოში გარკვეული მარცვლეულის წარმოება შესამჩნევად გაიზარდა. უახლესი მონაცემების მიხედვით, ხორბლის წარმოება 166%-ით გაიზარდა. გაიზარდა ხორცის წარმოებაც – 13.3%-ით, ხოლო რძისა და რძის პროდუქტების წარმოება 3%-ით არის გაზრილი. ამ პროდუქტების მიწოდების ზრდამ ასევე შეიტანა წვლილი იმაში, რომ ფასები საკვებზე ძალიან არ გაზრდილა.
მარაგები. მარაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვებზე ფასების მერყეობაში და მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მოკლევადიან შოკებს. მაგალითად, უახლესი მონაცემებით, სიმინდის ფქვილის შემთხვევაში, არსებული მარაგი ბაზრისთვის მიწოდებული ჯამური მოცულობის 38%-ს შეადგენდა. კარტოფილის მარაგი - 21%-ს, ხორბლის კი 5.7%-ს.
ძნელი სათქმელია, რომელი ფაქტორი თამაშობს წამყვან როლს საკვებზე ფასების ცვლილებაში. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ვალუტის კურსი ერთადერთი ფაქტორი არ არის და აუცილებელია კარგად გააზრებული სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება, რათა მრავალ უკიდურესად გაჭირვებულ ქართველს არ შეეზღუდოს საკვებზე წვდომა.
ავტორი: სალომე გელაშვილი
წყარო: iset-pi.ge