საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია , - ამის შესახებ განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე ”გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, რომელზედაც შეთანხმება მიღწეულია.
”აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა.
”აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.