საქართველო ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს უმასპინძლებს

„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები“ თბილისში ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს - Routes Silk Road-ს უმასპინძლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფორუმი 6-8 ივლისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები.

Routes Silk Road თბილისში პირველად ტარდება და მას 250 დელეგატი დაესწრება. ფორუმის მიზანი აეროპორტების, ავიაკომპანიების, ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა და მათთვის საუკეთესო პლატფორმის შეთავაზებაა.

თბილისში ღონისძიებას უმასპინძლებს და ორგანიზებას გაუწევს შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები.“

Routes რეგიონალური და გლობალური „ავიამიმართულებების განვითარების ფორუმების“ საშუალებით ორგანიზებას უწევს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ქსელის ღონისძიებებს. ყოველწლიურად ტარდება ერთი გლობალური და ერთი რეგიონალური ღონისძიება აზიაში, აფრიკაში, ევროპასა და ამერიკაში. იგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად ითვლება.

„ჩვენ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება Routes Silk Road-ის საქართველოში ჩატარების შესახებ. საქართველო წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეგიონის დამაკავშირებელ კარიბჭეს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მას გააჩნია იდეალური ადგილ-მდებარეობა Routes Silk Road-სა და ნებისმიერი მხარისთვის, რომელიც ცდილობს დაუკავშირდეს უფრო ფართომასშტაბიანი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების საზოგადოებებს“, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის, UBM Live-ის ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების ჯგუფის დირექტორმა, ედრიენ ნიუტონმა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს ”უპრეცედენტო წინსვლა” ჰქონდა საჰაერო ტრანსპორტის განვითარებაში, გაიზარდა მგზავრებისა და ტურისტების რაოდენობაც.

”ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და ბევრი რამ გვაქვს საჩვენებელი საავიაციო მრეწველობის საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ.

მისი თქმით, ფორუმი კარგ შესაძლებლობას იძლევა გლობალურ საავიაციო საზოგადოებაში ცნობიერების დონის ასამაღლებლად და ამასთან, ხელს შეუწყობს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის პრომოციას.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეკუთვნის საქართველოს ოთხივე აეროპორტი, რომელთაგან სამი - საერთაშორისოა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 30%-ზე მეტით გაიზარდა.