საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფონდის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით, რისთვისაც უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
”მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა.
„ღრმად დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც პროგრამა აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე წარდგენილი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებისათვის, ჩვენ მივიღებთ მას უკვე, როგორც დამტკიცებულ ინსტრუმენტს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ყველა სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს გუნდს.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.