საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ირანელ ინვესტორთა დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ირანელ ინვესტორთა დელეგაცია იმყოფება. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, დელეგაციის წევრები სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. ნატო ჩიქოვანმა ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ბიზნესის კეთების შესაძლებლობები გააცნო. ასევე, ესაუბრა პალატის საქმიანობასა და მნიშვნელოვან აქტივობებზე, მათ შორის, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის მნიშვნელობაზე.

ირანული ბიზნეს-დელეგაციის შემადგენლობაში 21 კომპანიის წარმომადგენელია. ისინი რამდენიმე სფეროს წარმოადგენენ. მათ შორის: მსუბუქი მრეწველობა, კავშირგაბმულობის მასალის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მრეწველობისთვის საჭირო დანადგარების წარმოება, მეტალის გადამუშავება, აგრო-სფერო, მარკეტინგული სერვისები, საგზაო ნიშნების წარმოება, ირანული რეწვის ნიმუშები.

კომპანიების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. გარდა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისა, ირანული დელეგაციის წევრები დაინტერესებულნი არიან საქართველოში საწარმოების გახსნით და ადგილობრივი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებით.

დელეგაციის ხელმძღვანელმა სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოში ირანული პროდუქციის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა.