ბაზრის კორპორატიული პროგრამების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ SAP და ,,საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო დარგში და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს. ამასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო ”ბილთმორში” ღონისძიება გაიმართა, სადაც კომპანიების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
კომპანია SAP ორგანიზაციებს ნებისმიერი ზომისა და სპეციალიზაციის ეფექტური მართვის საქმეში უწევს დახმარებას. ახალი სისტემა კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და საორგანიზაციო პროცესების მოქნილად მართვაში დაეხმარება. ამ ეტაპზე სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 500 ადამიანს შეადგენს.
”საქართველოს რკინიგზამ” დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გადაწყვიტა დაენერგა SAP-ის უახლესი თაობის წარმოების მართვის სისტემა. მსოფლიოში ვერ ნახავთ მსხვილ საწარმოს, რომელიც ერთიანი მართვის SAP-ის პროდუქტით არ სარგებლობდეს. ის გახლავთ მსოფლიო ბრენდი და ყველაზე ცნობილი მწარმოებელი აღნიშნულ სექტორში. SAP-ის პროდუქცია განსაკუთრებით წარმატებულია სარკინიგზო და სატრანსპორტო სექტორში, აქედან გამომდინარე, ჩვენ მასზე გავაკეთეთ აქცენტი. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში SAP-ის უახლეს თაობას დანერგავს. ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები - დაახლოებით, 10%-ით შემცირდება მარაგების მართვაში გადაწყვეტილების მიღების დრო, გაცილებით დავხვეწავთ ძირითადი საშუალებების მართვის სისტემებს. ზოგადად, ეს ყველაფერი გამოისახება უფრო წარმატებულ ფინანსურ მაჩვენებლებში, უფრო წარმატებულ და ეფექტურ მმართველობით გადაწყვეტილებებში და ა.შ.”, - განაცხადა ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ.
SAP S/4HANA-ზე გადასვლის გადაწყვეტილება ”საქართველოს რკინიგზამ” 2015 წელს მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არასრული ავტომატიზაცია კომპანიის განვითრებას აფერხებს, ხელმძღვანელობას არ აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ბიზნესის სრული სურათი და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დასაწყისში დაისახა, იყო საკვანძო ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია ფინანსების, შესყიდვებისა და პერსონალის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე. SAP-ზე არჩევანის გაკეთება ამერიკის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წამყვან სარკინიგზო ოპერატორებთან ვენდორის გამოცდილებით იყო განპირობებული. მათ შორის არიან იტალიური კომპანია Trenitalia, ჰოლანდიური ProRail, კანადური Canadian Pacific. უშუალოდ S/4HANA-ს იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, Fitbit, Horizon Pharma და სხვა.
”რკინიგზა გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ლოგისტიკური ჰაბი, ცენტრი, საყრდენი. რეგიონის და რკინიგზის განვითარებისთვის საჭიროა მონაცემთა მაღალ დონეზე მართვა, მაგალითად მგზავრების ნაკადის, ლოკომოტივების მდგომარეობის, რკინიგზის საფარის და.ა.შ. ჩვენ დავიწყეთ ”საქართველოს რკინიგზასთან” თანამშრომლობა, რათა მათთვის შესაძლებელი ყოფილიყო ძალიან ფართო მონაცემთა ბაზის მართვა, როგორიც არის თანამშრომელთა, ასევე ფინანსური მონაცემთა ბაზა. მათ სჭირდებოდათ მართვისთვის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. მომავალში ველით თანამშრომლობის გაღრმავებას”, - აღნიშნა SAP SE-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტრატეგიულ დარგებთან მუშაობის დირექტორმა ალექსანდრე არნოლდმა.
ერთიანი სისტემის შესაქმნელად ”საქართველოს რკინიგზაში” SAP S/4HANA-ს ბაზაზე დაინერგა გადაწყვეტილებების კომპლექსი - ახალი თაობის in-memory ERP სისტემა. ავტომატიზაციამ ძირითადი და დამხმარე ბიზნეს-პროცესების მთელი რიგი მოიცვა: ოპტიმიზირებული იყო მართვის აღრიცხვა, რემონტის, ტექნიკური მხარდაჭერისა და პერსონალის მართვის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი ბიუჯეტირების, დაგეგმარებისა და კონსოლიდაციის გადაწყვეტილებებზე გაკეთდა.
პროექტის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო SAP MaxAttention-ის საერთაშორისო პრემიალური მხარდაჭერის ჯგუფმა, რომელმაც დასანერგი გადაწყვეტილების ხარისხის კონტროლი განახორციელა, გადაამზადა თანამშრომლები და კომპანიას დათქმულ ვადებში პროექტის დასრულებაში დაეხმარა.
სამომავლოდ, ”საქართველოს რკინიგზა” გეგმავს: ავტომატიზირებული ბიზნეს-პროცესების რაოდენობის სამომავლო გაზრდას; საქართველოსათვის ლოკალიზაციის სისტემის შექმნას, რომელშიც შევა ქართული ინტერფეისი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება მორგებული; ინოვაციური პროექტების ინტერნეტ საგნების კონცეფციის ბაზაზე რეალიზაციას.
გარდა ამისა, ”საქართველოს რკინიგზა” საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის სერტიფიცირებას გეგმავს, რაც სისტემის ეფექტური თანხლების შესაძლებლობასა და დაინტერესებულ კომპანიებში მომსახურების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.