ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: „სამოსელი პირველი“

ყველაზე მაღალი ხარისხის ოსტატობით დამზადებული ხელნაკეთი ვისკი -The Balvenie 120-წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. ხშირად ასოციაციურად როლს-როისთან აიგივებენ: უილიამ გრანტის საოჯახო ბიზნესის შემადგენლობაში მყოფი ქარხანა მსოფლიოში ერთადერთია, სადაც სწორედ გრანტის პატივსაცემად შთამომავლებმა უძველესი ტრადიციების შემონახვა გადაწყვიტეს და ვისკის წარმოების სრული ციკლი შეინარჩუნეს.

საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით, The Balvenie იმ ქართულ ბრენდებზე ფოკუსირდა, რომლებიც ტრადიციულ ხელნაკეთ პროდუქტების ქმნიან და საუკუნეების განმავლობაში შემონახულ ტექნოლოგიებს „აცოცხლებენ“. ამჯერად ერთ-ერთი ძალიან წარმატებული და ეროვნული პროექტის - „სამოსელი პირველის“ შესახებ გიამბობთ:

როდის შეიქმნა „სამოსელი პირველის“ დაარსების იდეა და ვინ იყო მისი ავტორი?

ანა ნინუა, მხატვარი, „სამოსელი პირველის“ დირექტორი: იდეა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის, „სამოსელი პირველი“, როგორც ბრენდი მან ლუარსაბ ტოგონიძესთან ერთად დააარსა: როდესაც ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ, გადაწყვიტეს ძველი სამოსის ტრადიციები აღედგინათ, არა მხოლოდ ჩოხა, არამედ - საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალის და მამაკაცის კოსტიუმები.

ბატონი ლუარსაბი პროფესიით მხატვარია?

კანადაში ეკონომიკური განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ლონდონში, სანტ-მარტინის სამხატვრო სკოლის ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ძალიან უყვარს ძველი ნივთების და ფოტოების მოძიება, ძველი მამების და საეკლესიო პირების ცხოვრების შესწავლა. „სამოსელი პირველი“ 2009 წელს დაარსდა, მოგვიანებით კი ლევან ვასაძის თხოვნით, ამ საქმეში მეც ჩავერთე და მალე მაღაზიაც გაიხსნა. საწყის ეტაპზე მხოლოდ მამაკაცის სამოსი იქმნებოდა, შემდეგ ქალის ხაზიც დაემატა.

მოგვიყევით იმ უძველესი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც „სამოსელი პირველმა“ „გააცოცხლა“: საბჭოთა პერიოდში ხომ ძალიან ბევრი უძველესი ცოდნა დაიკარგა, მაგალითად -ვაზის იშვიათი ჯიშები და ა.შ., რადგანაც რატომღაც არაკომერციულად მიიჩნეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება კოსტიუმებთან მაქვს შეხება, მართლაც საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე მას შემდეგ, რაც შევისწავლე, თურმე რამდენი უცნობი ნიუანსი იმალებოდა ქართულ სამოსში და ამ მხრივ ჩვენი ტრადიციები რა მდიდარი ყოფილა.

bpnსაწყის ეტაპზე დიზაინერებთან - სოფიო იმერლიშვილთან, მაია ჯგუბურიასთან, თიკო გელიკაშვილსა და ნინო ზედგინიძესათან ერთად, ძალიან დიდი დრო დავუთმეთ კოსტიუმების ისტორიის შესწავლას: მოვიპოვეთ მუზეუმების საცავებში დაცული ექსპონატების ნახვის ნებართვა, ისინი სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათი შექმნის ტექნოლოგიების დადგენას მხოლოდ მცირედი დეტალების მიხედვით ვახერხებდით: ვაკვირდებოდით, რა მასალების გამოყენებით იყო ესა თუ ის სამოსი დამზადებული.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ლუარსაბმა „სამოსელთან“ პარტნიორობით წიგნიც გამოსცა, სადაც თითო გვერდზე ძველ ფოტოებს ნახავთ, მეორეზე კი - მუზეუმებში დაცულ კოსტიუმებს და წარმოიდგინეთ, ისინი აბსოლუტურად იდენტურია. უამრავი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ ქალაქგარეთაც - მესტიაში, თუშეთში და ა.შ. ასე თუ ისე, უკეთესადაა შემონახული ხევსურული სამოსი, სხვა დანარჩენი კი ცალკეულ ოჯახებში შემორჩენილი დეტალების აღდგენით გვაქვს შექმნილი. მოკლედ, ამ ყველაფერზე ძალიან დიდი დრო დაიხარჯა.

რა პროცესებს მოიცავს კოსტიუმებზე მუშაობა?

როდესაც მოკვლევა დავასრულეთ და გარკვეული ინფორმაცია დავაგროვეთ, საწყის ეტაპზე კოსტიუმები პირველადი სახით შევქმენით, შემდეგ პერიოდში კი საგრძნობლად დაიხვეწა მათი სილუეტებიც და დამზადების ტექნოლოგიებიც. მუშაობის პროცესში ძალიან გამოგვადგა ჯავახიშვილის, ნინო ბრაილაშვილის და კიდევ რამდენიმე ავტორის წიგნი, რადგან ზოგადად ქართული სამოსის შესახებ სამწუხაროდ ძალიან მცირე ლიტერატურა არსებობს.

დღეს ბრენდი ნაციონალურ კოსტიუმებში ინტეგრირებულ თანამედროვე ელემენტებსაც გვთავაზობს. რა პროცესია ეს?

მას შემდეგ, რაც გარკვეულ ეტაპს მივაღწიეთ, გვსურდა, კოსტიუმებში მცირედი სიახლეებიც შეგვეტანა, დღევანდელი რეალობისთვის მეტად პრაქტიკული დატვირთვა რომ მიგვენიჭებინა. თუმცა გარკვეულ ჩარჩოებში მაინც ვექცევით, იმისათვის, რომ ტრადიციები არ დავარღვიოთ: მაგალითად, ძალიან საინტერესო ფაქტურაა ტრადიციული ხევსურული ტოლის ქსოვილი - მას სელის ძაფისგან ხელით ქსოვდნენ, შემდეგ კი მიღებულ მასალაზე ასევე ხელით ქარგავდნენ. როდესაც მუზეუმში დაცული ულამაზესი წინდები აღმოვაჩინეთ, სპეციალურად ისეთი ადამიანი მოვიძიეთ, რომელიც სწორედ იმ უძველესი ტექნიკის გამოყენებით შეძლებდა ქსოვას.

მეორე მხრივ, პატარა ექსპერიმენტებსაც მივმართეთ: ხევსურული ქოქლოდან ნაოჭების დეტალები ახალუხზე გადმოვიტანეთ. თავისთავად ახალუხი ჩოხის შიდა სამოსს წარმოადგენდა, ჩვენ კი მას კაბის დატვირთვაც მივანიჭეთ. ოდნავ მასალებიც შევცვალეთ, პრაქტიკული თვალსაზრისით დღევანდელობასთან მეტად ახლოს რომ ყოფილიყო.

ძალიან იშვიათი ქსოვილები გაქვთ, თანაც დღეს საქართველოში ბუნებრივი ქსოვილის შოვნა ძნელია. რა მასალებზე მუშაობთ?

გარკვეული რაოდენობით ძველი წარმოების ქსოვილებიც გვაქვს შემორჩენილი, ზოგჯერ რეგიონებში ტოლის ქსოვილსაც აღმოვაჩენთ ხოლმე, მაგრამ მას ჯერ არ ვეხებით, რადგან ძალიან იშვიათია. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, ნატურალურ ქსოვილებზე ვიმუშაოთ. ისინი ინდოეთიდან, დუბაიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს.

ვინ არის ამ ეტაპზე ბრენდის ძირითადი მომხმარებელი?

ჩვენი მომხმარებელი ძალიან მრავალფეროვანია: მოდიან როგორც აქაურები, ასევე უცხოელები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც. „სამოსელი პირველის“ სამოსს ხშირად ქორწილებისთვისაც უკვეთავენ. საშუალო ფენის წარმომადგენელი ადამიანებიც გვსტუმრობენ და ცალკეულ ნივთებს, მაგალითად მხოლოდ ფეხსაცმელებს იძენენ. ჩვენი აქსესუარების უპირატესობა ბუნებრივი მასალებია: ფეხსაცმელები ნატურალური ტყავითაა დამზადებული და ძირიც მთლიანად „პადოში“ აქვს - ეს უკანასკნელიც ნატურალური ტყავის ნაწარმს წარმოადგენს. სხვათა შორის, საკმაოდ ხელმისაწვდომია აქსესუარებიც.

მოდის კვირეულების სტუმრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართული პროდუქციიდან განსაკუთრებით სწორედ „სამოსელი პირველის“ კოსტიუმები მოსწონთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ბრენდის ყველაზე ძლიერი მხარე?

განსხვავებულ დიზაინთან ერთად, ძალიან მოსწონთ მაღალი ხარისხის ნაკერი - სწორედ ის უძველესი ტექნოლოგიები, რომლებიც აღვადგინეთ. ხარისხი ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა, თანაც სერიულ კოლექციებს არ ვკერავთ, თბილისი მაინც პატარა ქალაქია და არ გვინდა, მომხმარებლებს ერთნაირი სამოსის შეთავაზებით ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ხელი შევუშალოთ. სწორედ ამ 2 კომპონენტის - ხარისხის და ინდივიდუალური მიდგომის გამო ვერ ვაგდებთ საგრძნობლად ფასს.

სხვათა შორის, შემოდგომაზე გამართულ „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის“ დროს, ცნობილი ქართველი დიზაინერი - დავიდ კომა დაგვიკავშირდა: ჩვენი კოსტიუმების დათვალიერება სურდა. საწარმოში მივიპატიჟეთ და ყველანაირი სამოსი დავათვალიერებინეთ, კარგად ავუხსენით მათი დამზადების ტექნოლოგიები და ყველა საჭირო ნიუანსი, შედეგად კი 2017 წლის საშემოდგომო ძალიან ლამაზი და საინტერესო კოლექცია შექმნა, რომელიც სწორედ ქართული დეტალებითაა გაფორმებული. მიმაჩნია, რომ ეს პრეცედენტიც ერთგვარად საქართველოს პოპულარიაზციას ემსახურება და ძალიან მიხარია, რომ მასში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.

რა გათვლა აქვს ბიზნესს 5 წელიწადში?

„სამოსელი პირველის“ ფუნქცია დაარსების დღიდან უძველესი ქართული ტრადიციების აღდგენა იყო და არა კომერციული წარმატება, პირიქით - წარმოება ძალიან ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული. ზოგადად მიგვაჩნია, რომ საჭიროა უცხოელებს ჩვენი ქვეყნის კულტურა კოსტიუმების სახითაც გავაცნოთ: ძალიან კარგია, რომ უნიკალური ღვინო და კერძები გვაქვს, თუმცა კარგი იქნება, ჩვენი მდიდარი სამოსითაც თუ გაგვიცნობენ, როგორც მაგალითად იაპონელებს, შოტლანდიელებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ ისტორიამ სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი „სუხიშვილების“ ულამაზესი ფორმებიც შემოგვინახა, თუმცა სცენისთვის შექმნილი კოსტიუმების სპეციფიკა ხომ აბსოლუტურად სხვაა, რამდენადაც კონკრეტულ ქორეოგრაფიულ დადგმას ემსახურება: შორი დისტანციიდან ეფექტურად შესამჩნევი იყოს და მოცეკვავეს მასში მოძრაობა არ გაუჭირდეს.

საინტერესო დისკუსიები იმართება ხოლმე ჩვენს Facebook-ის გვერდზეც: მაგალითად, ერთ-ერთი ხევსურული კოსტიუმის შესახებ აღნიშნეს, თითქოს მისი წითელი ფერი ხევსურეთისთვის დამახასიათებელი სულაც არ იყო. ასეთი პრეცედენტების არსებობა კი ძალიან კარგია, რადგან საზოგადოება ქართული კოსტიუმებით ინტერესდება და სასარგებლო დებატები იმართება, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ძველ ფოტოებს ვაჩვენებთ ხოლმე და ვუხსნით, რომ ესა თუ ის სამოსი სწორედ უძველესი ტრადიციის აღდგენისა და ჩვენი ინტერპრეტაციის შედეგად შეიქმნა. (R)

bpn