ირაკლი მეზურნიშვილი - ლარი აქტიური ფლირტის ფაზაში გადადის მთავრობასთან

მთავრობისა და ლარის ურთიერთობას დიდი პერსპექტივები აქვს, - ასე აფასებს დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის 285 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ.

როგორც მეზურნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი იზრდება.

"ეკონომიკის მაჩვენებლის ზრდის ძალიან კარგი სტარტი დაფიქსირდა. გაზრდილია ექსპორტი, ფულადი შემოსვლა და ტურისტების რაოდენობა. ლარი ისევ მყარდება. მახსენდება ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის კომენტარი, რომ ლარს არ უყვარს მთავრობა. თუმცა ვხედავთ, რომ ლარი აქტიური ფლირტის ფაზაში გადადის მთავრობასთან და ცალსახაა, რომ გრძნობა უკვე გაჩნდა და დიდი პერსპექტივები აქვს მთავრობისა და ლარის ურთიერთობას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია“, - ამის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.