რომან გოცირიძე - ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ მიღებულმა უგუნურმა გადაწყვეტილებამ დაგვაკარგვინა ის 300 მილიონი, რომელსაც ახლა ვიღებთ

მთავრობას მიუძღვის ლომის წილი ლარის გაუფასურებაში, ვინაიდან სავალუტო ფონდმა გამოყო სამი ტრანში, აქედან ბოლო ვერ მივიღეთ, რადგან მთავრობამ ეროვნული ბანკიდან გამოიყვანა ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ახლა ისევ უკან ვაბრუნებთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მილიონიანი პროგრამა მთლიანად ბიუჯეტს მოხმარდება და არა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებას.

,,მთავრობას მიუძღვის ლომის წილი ლარის გაუფასურებაში, ვინაიდან სავალუტო ფონდმა გამოყო სამი ტრანში, აქედან ბოლო ვერ მივიღეთ, რადგან მთავრობამ ეროვნული ბანკიდან გამოიყვანა ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ახლა ისევ უკან ვაბრუნებთ. ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ მიღებულმა ამ უგუნურმა გადაწყვეტილებამ დაგვაკარგვინა ის 300 მილიონი, რომელსაც ახლა ვიღებთ. ამიტომ ეს არ არის სატრაბახო. ეს მოხმარდება ბიუჯეტს. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება არავის არ უხსენებია. ეს კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, თუ როგორი ზიანი შეუძლია მიაყენოს მთავრობის არაკომპეტენტურმა და პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.