დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი

2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართა.

„ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან - 21.7%-მდე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები.