ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება. ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 თეთრით გამყარდა. სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარი 2.47 ლარად იყიდება, შესყიდვის ფასი კი 2,40 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ექსპერტები ეროვნული ვალუტის გამყარებას და როგორია მათი პროგნოზი - როდემდე შენარჩუნდება აღნიშნული ტენდენცია?
ექსპორტის ზრდა, შემცირებული იმპორტი, ტურისტების რაოდენობის მატება ზამთარში - ექსპერტთა შეფასებით, სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს ბოლო დღეებში ლარის მკვეთრ გამყარებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კურსის პროგნოზისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზი შეუძლებელია.
თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ლარის გამყარების სავარაუდო ფაქტორები - ექსპორტის ზრდა, იმპორტის შემცირება, ტურისტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდება, კურსი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ექსპერტი დავით ასლანიშვილი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, დაახლოებით, მარტის მიწურულამდე კურსის 2.50-ის ფარგლებში შენარჩუნება იქნება ლოგიკური.
ასლანიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ პერიოდში ლარის სპეკულაციური გამყარებით მოსახლეობის სტიმულაციას ახდენდნენ, რადგან გალარებასთან დაკავშირებით რესურსის მიღების სურვილი საკმაოდ დიდია.
„ზამთრის ფაქტორები რაც გამყარებას იწვევდა, დამთავრდა. თუ გამყარება გაგრძელდება - უკვე საბანკო სპეკულაცია იქნება. ეს კი დაადასტურებს, რომ სავალუტო ბაზარს ბანკები მართავენ და დომინანტ ბანკებს შეუძლიათ კურსით მანიპულირება - რა ფასიც უნდათ, იმას დასვამენ სავალუტო ბაზარზე. ვთვლი, რომ ეროვნულმა ბანკმა, 2.5 ქვემოთ არ უნდა დაუშვას ლარის გამყარება და თუ საჭიროა, შესყიდვის ინტერვენციაც განახორციელოს,“-აღნიშნავს ასლანიშვილი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარი გახდა.