ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი , - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს გამართულ ხელმოწერას. მინისტრმა ქართველ ხალხს ისტორიული დღე ბრიუსელიდან მიულოცა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ პროცესის დასრულების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში.
„ეს უკვე დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაციაა, 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს - ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.