მარტოხელა დედები საქართველოში დახმარებას არ იღებენ

მარტოხელა დედები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სერიოზული პრივილეგიებით სარგებლობენ. სახელმწიფო ამ ადამიანებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს და ბავშვის აღზრდაშიც ეხმარება. საქართველოში კი, ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული და რთული სიტუაციაა: ჩვენთან მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება და შვილს მაინც აჩენს. ალბათ დაგვეთანხმებით - მსგავსი მიდგომა გასაკვირია ქვეყნისთვის, რომელიც მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე იმყოფება. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი 2006 წლიდან საერთოდ გააუქმა, თუმცა საბედნიეროდ, ეს სტატუსი 2015 წელს აღადგინეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ „საქსტატის“ მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსს - პაატა შავიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმით, საქსტატს აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი იბადება ყოველწლიურად მხოლოდ დედის განცხადებით.

„მაგალითად: 2015 წელს დედის განცხადებით დაიბადა 1 366 ბავშვი. ამ ბავშვების მამა უცნობია, მათ დედის გვარი აქვთ და არა - მამისა“, - აღნიშნა პაატა შავიშვილმა. სტატისტიკის სამსახურში ვერაფერს ამბობენ იმაზე, აქვთ თუ არა ფულადი დახმარება მარტოხელა დედებს, „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ კი აცხადებენ, რომ „მარტოხელა დედებისთვის არანაირი ფულადი დახმარების პროგრამა არ არსებობს. მარტოხელა დედის სტატუსიც გაუქმებული იყო და მხოლოდ 2015 წლის გაზაფხულზე აღადგინეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ოღონდ ამ სტატუსს რაიმე სახის ბენეფიტი არ მოჰყვება. შეიძლება რომელიღაც მუნიციპალიტეტს ჰქონდეს დახმარება მარტოხელა დედებისთვის, მაგრამ ცენტრალიზებული სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. მარტოხელა დედა სოციალურად დაუცველიც თუა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ფულად დახმარებას.“

ვინ შეიძლება გახდეს მარტოხელა დედის სტატუსის მფლობელი და რა უფლებები აქვთ ამ ადამიანებს? - ამის თაობაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება.

- მარტოხელა დედის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით 2015 წელს განისაზღვრა. საკანონმდებლო ნორმით, მარტოხელა დედა არის ის, ვისაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. ასევე, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელმაც შვილად აიყვანა 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

-ესე იგი, მარტოხელა დედა არ არის ქალი, რომელიც განქორწინებულია და მისი მეუღლე შვილს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს?

-დიახ, ჩვენი კანონმდებლობა მარტოხელა დედად არ მიიჩნევს ქალს, რომელიც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, განქორწინებულია ქმართან და შვილს დამოუკიდებლად ზრდის. ასე რომ იყოს, ნებისმიერი განქორწინებული ქალი საქართველოში მარტოხელა დედა იქნებოდა.

-ბატონო ირაკლი, იღებენ თუ არა ფულად დახმარებას მარტოხელა დედები?

-სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული სახის ფულადი დახმარება საქართველოში მათ არა აქვთ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველა მარტოხელა დედას შეეხება. რაიმე კონკრეტული სოციალური დახმარება ამ ეტაპზე მარტოხელა დედებზე არ ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია რომელიმე მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამოყოფილი სახსრები მარტოხელა დედების დასახმარებლად, ისევე, როგორც სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად აქვთ. ამიტომ, მარტოხელა დედას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს და თუ სოციალურად დაუცველია, დახმარება მოითხოვოს.

-რა სახის დოკუმენტები უნდა წარადგინოს სტატუსის მიღების მსურველმა და სად?

-მარტოხელა დედის სტატუსის მაძიებელმა პირმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი ცნობები, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა - ეს არის ძირითადი საბუთების ჩამონათვალი.

-ბატონო ირაკლი, სხვა ქვეყნებში როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა დედებს?

- მაგალითად, გერმანიასა და ესპანეთში მარტოხელა დედის სტატუსის მინიჭებაც ადვილია და სახელმწიფო ამ ადამიანებს განსაკუთრებულად ეხმარება. ასევეა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად ფულადი დახმარება მათთვის არ არსებობს. მარტოხელა მშობელს მხოლოდ ერთი შეღავათი აქვს: თუ ადამიანს მინიჭებული აქვს ეს სტატუსი და მისი წლიური შემოსავალი 3 ათას ლარს არ აღემატება, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და სერიოზული პრივილეგია და მხოლოდ ერთეულებს ეხება.

-ბატონო ირაკლი, რა შემთხვევაში უჩერდება ადამიანს მარტოხელა მშობლის სტატუსი?

-ეს სტატუსი უქმდება მაშინ, თუ მისი მაძიებელი ადამიანი დაქორწინდება, ან გარდაიცვლება, ასევე - ბავშვის გარდაცვალების, ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე გახდა 18 წლის, ან დაქორწინდა. დაუდგინდა მეორე მშობელი, ან გააშვილეს. მარტოხელა დედის სტატუსი უქმდება მაშინაც, თუ მისი მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ან შესაბამის უწყებაში არასწორ დოკუმენტაციას წარადგენს...

-ეს ყველაფერი მარტოხელა მამებზეც ვრცელდება?

- დიახ, მარტოხელა შეიძლება იყოს მამაც და მასზე იგივე პირობები ვრცელდება, რაც მარტოხელა დედაზე. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა მამა იშვიათია და ამიტომაც ვლაპარაკობთ ძირითადად დედებზე. მარტოხელა მამის სტატუსის მინიჭებაც და გაუქმებაც იმავე წესით ხდება, რაც მარტოხელა დედის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ეს ორი ცნება ჩვენს კანონმდებლობაში „მარტოხელა მშობლის“ ცნების ქვეშ ერთიანდება და მარტოხელა მამას იგივე უფლება-მოვალეობები აქვს, რაც მარტოხელა დედას.

ხათუნა ჩიგოგიძე