ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ დავით ასლანიშვილის პოსტს:
"თებერვალში ინფლაციამ 5,5% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალ კვირაში ეროვნულ ბანკს მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რაც თავის მხრივ გალარების პროგრამას საბოლოოდ წერტილს დაუსვამს.
ცხადია, აქციზის გაზრდა გამოიწვევდა საყოველთაო გაძვირებას, მაგრამ აქციზის ეფექტი იქნებოდა შედარებით ნაკლები,რომ 2016 წლის თებერვალთან შედარებით ფულის მასა 28% არ იყოს გაზრდილი.
ფულის მასის გაზრდა პირდაპირ უკავშირდება რეფინანსირების სესხებს, რომლის მოცულობა 2016 წლის თებერვალში 700 მლნ ლარი იყო, ხოლო 2017 წლის თებერვალში – 1,500 მლნ ლარი, ე.ი. ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ რეფინანსირების სესხი არის კომერციული ბანკების სესხი ეროვნული ბანკისგან, რომელსაც ისინი იღებენ მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის დასაფარავად, ხოლო პროცენტის გადამხდელი საბოლოოდ კომერციული ბანკების კლიენტები არიან.
ე.ი. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელში კომერციული ბანკების როლი არც თუ ისე უმნიშვნელოა. მეტიც, გამოდის რომ საბანკო ოლიგოპოლიის შესანარჩუნებლად არამხოლოდ მისი კლიენტები იხდიან მაღალ ფასს, არამედ მთელი ქვეყანა გაძვირებული ფასებით.
ეროვნული ბანკი რომ საბანკო ოლიგოპოლიას ხელს არ უწყობდეს, წესით მას მაქსიმალურად უნდა შეეზღუდა რეფინანსირების სესხების გაცემა. სწორედ ამ გზით შეძლებდა მონეტარული ხელისუფლაბა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრული უპირველესი მიზანია და რასაც მან ვერ მიაღწია."