ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე თბილისში კონფერენცია გაიმართება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან
, მათი ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“ 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და უცხოეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას: ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება; კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნაშრომში წარმოდგენილი იდეები ტურიზმის სამოქმედო გეგმაში აისახება. მათივე თქმით, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა 15 მარტია. თეზისების მოცულობა 1-2 გვერდი უნდა იყოს. 20 მარტს მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება მოხდება.
5 აპრილს ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა, რომლის მოცულობა 5-10 გვერდი უნდა იყოს. 20 აპრილს კი შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა მოხდება.
27 აპრილს პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
„სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
„თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი. ასევე საჭიროა თეზისში მითითებულ იქნას სტრატეგიული მიზანი, რომლის შესრულებასაც ემსახურება აღნიშნული თემა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gnta.ge/conference“, - მიმართავს ტურიზმის ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს.