იაშვილის კლინიკის მფლობელი კლინიკის გასხვისების შესახებ ”ალდაგთან” მოლაპარაკებებს ადასტურებს

იაშვილის კლინიკის ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ კომპანია ”ალდაგთან” კლინიკის გასხვისებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

იაშვილის და ციციშვილის კლინიკა, ალერგოლოგიის და რევმატოლოგიის ცენტრი, ქალთა სამედიციცნო ცენტრი და ბათუმის ქალთა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრი - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კლინიკების შესყიდვით დაინტერესდა ”საქართველოს ბანკის” შვილობილი სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი”.

გია ნაცვლიშვილმა ”მაესტროსთან” საუბარში განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სადაზღვევო კომპანია თავად გააკეთებს განმარტებას.

”ალდაგში” ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კლინიკები ბოლოს გასულ წელს თურქულ ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპზე” გასხვისდა. სექტემბერში სწორედ თურქ ინვესტორთან სამედიცინო პერსონალის უთანხმოება გახდა პრობლემების მიზეზი იაშვილის კლინიკაში, რაშიც ჯანდაცვის მინისტრის ჩარევაც კი გახდა საჭირო. მაშინ სერგეენკომ აღნიშნა, რომ იაშვილის კლინიკა მფლობელებმა ისე გაასხვისეს, ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა” ვალდებულებები არ შეასრულა. თავად ინვესტორი კი ამბობს, რომ კლინიკის მფლობელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ამის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ამასთან, გუშინ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მას შეხვედრის თხოვნით მიმარეს ”ალდაგი ბისიაის” წარმომადგენლებმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ მისთვის უცნობია შეხვედრის თემა დაკავშირებულია თუ არა ხუთი კლინიკის მიმართ ინტერესზე.