ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, სამუშაოები დასრულდა ბახმაროს შესახვევი #19-ში, სადაც 17 მეტრი სიგრძის კედელი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
„ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურისთვის, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ 15-მდე საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ ტიპის სამუშაოებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა - 772 592 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ამ ეტაპზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ზვარეთის N 36 ა-ში, სადაც სამშნებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. 2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც გამგეობამ ბიუჯეტიდან 577 297 ლარი გამოყო.