„სითი პარკის“ წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი საქმეა. როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ მოქალაქე კონსტანტინე ჩიქოვანმა განუცხადა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა მას შემდეგ, რაც მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი 38 საჯარიმო ქვითარი ერთად მიიღო.
„1 დღესაც ფოსტის წარმომადგენელი მოვიდა და პაკეტი მოიტანა, რომელშიც 38 საჯარიმო ქვითარი იყო. აღნიშნული ჯარიმები 2016 წლის განმავლობაში იყო დაგროვილი. მე კი ისინი აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში გადმომეცა. საუბარია, დაახლოებით 6 ათას ლარზე. უკვე ეჭვი მიჩნდება, ეს კომპანია ხელოვნურად ხომ არ აგროვებს ამ ჯარიმებს, რომ შემდეგ დიდი თანხა ამოიღოს,“-ამბობს ჩიქოვანი.
მისივე ცნობით, გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწია. რადგან მას შემდეგ, რაც კომპანია „სითი პარკს“ ჯარიმების გასაჩივრების შესახებ აცნობა, კომპანიის წარმომადგენლებმა რაღაც მაქინაციებით შეძლეს და 3-4 გზავნილი აღსრულების ბიუროს მაინც გადასცეს.
„შედეგად ბანკმა ანგარიშები დამიყადაღა და იძულებული გავხდი ეს თანხა გადამეხადა“, - აღნიშნავს კონსტანტინე ჩიქოვანი.
როგორც კონსტანტინე ჩიქოვანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 6 მარტს გამოიტანს. ჩიქოვანი თითქმის დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესი მის სასარგებლოდ გადაწყდება.
„პროცესი პრაქტიკულად მოგებული გვაქვს. საურავებზე თვითონ კომპანიის წარმომადგენლებმა მოიხადეს ბოდიში ბოლო სხდომაზე და მოსამართლემაც იცის, რომ მათი მხრიდან ასანაზღაურებელია,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.
ორიოდ დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი ტუღუშმა „სითი პარკს“ თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლო პროცესი მოუგო. მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა არც მეტი, არც ნაკლები - 11 000 ლარს აღემატებოდა.
თავად კომპანიაში კი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ 1 ფრაზით გამოეხმაურნენ - ”სითი-პარკი” პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“.