CENN - ოჯახზე განსაზღვრული შეშის წლიური ნორმა საკმარისი არ არის

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ში აცხადებენ, რომ 2013 წლის 29 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებით, კომლზე გასაცემ საშეშე მერქანზე ლიმიტი - 7 კუბური მეტრი - დაწესდა, თუმცა, ეს მოცულობა ერთი ოჯახისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მოსახლეობიდან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის მიერ წლიურად მოხმარებული შეშის მოცულობა რეგიონების მიხედვით, 8-დან 13 კუბურ მეტრამდე მერყეობს. დეფიციტი საკმაოდ დიდია, რამაც შეიძლება მოსახლეობას უკანონო ჭრისკენ უბიძგოს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა ამ საკითხის გარკვევას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების სოფლებში შეეცადა. ახუთში მცხოვრები ლივტერ ქუთელიას და ხაბუმეში მცხოვრები გურამ არახამიას გათვლებით, შეშის დეფიციტი ოჯახზე, საშუალოდ, 5 კუბური მეტრი იქნება.

"სოფლის ოჯახები წელიწადში, საშუალოდ, 10-15 კუბურ მეტრ შეშას მოვიხმართ, რადგან სოფლებში ბუნებრივი აირი, ჯერჯერობით, შეყვანილი არ არის და გათბობის სხვა საშუალებებიც ნაკლებად გამოიყენება, თუ არ გავითვალისწინებთ თხილის ნაჭუჭს, რომელიც ყველა სოფლისთვის არ არის ხელმისაწვდომი",- აცხადებს გურამ არახამია.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საეჭვოა, რომ თუნდაც ლიმიტის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი რესურსი არსებობდეს.

"პასუხი ისევ უარყოფითია. შესაბამისად, შეშის მოხმარების შემცირება ობიექტური რეალობაა. რითი უნდა შეივსოს დეფიციტი – მერქნული რესურსის რაციონალური გამოყენებით, ენერგოეფექტიანობით, ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებით თუ იგივე თხილის ნაჭუჭით, ამ საკითხებზე პასუხის გაცემა მჭიდრო უწყებათშორის თანამშრომლობას მოითხოვს, რომელშიც ხელისუფლების სხვადასხვა უწყებები და დონეები უნდა ჩაერთოს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.